საპატრიარქო

ჯაღმაიძე ეკლესიების დეზინფექციაზე: მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია აუცილებლად გავითვალისწინოთ

მთავარი არხი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიების დეზინფექციასთან დაკავშირებით საპატრიარქო მზადაა, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გაითვალისწინონ. 

დეკანოზის განცხადებით, საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რომ არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც სადეზინფექციო ხსნარები შემოაქვს. 

"აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით,"- წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელის კომპანიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის დაწყება. 

"როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ,"- ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 

განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე, აპირებს, თუ არა საპატრიარქო დროებით შეცვალოს ზიარების წესი. ამ დრომდე გაკეთებულ განცხადებებში საპატრიარქო ამბობდა, ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. 

10 მარტს საპატრიარქომ ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართა

კომენტარები