გიგი უგულავას საქმე

ბასილაია: უგულავას საქმე მამუკა ვასაძემ აიცილა, გაბინაშვილს საქმის გასაცნობად 2 კვირა ჰქონდა

ტაბულა

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს გიგი უგულავას საქმეზე საკასაციო სარჩელი მხოლოდ 23 იანვარს დაეწერა. იქამდე, მის ადგილს მოსამართლეთა კოლეგიაში გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე იკავებდა, რომელმაც 22 იანვარს, ინტერესთა კონფლიქტის მოტივით თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო. ბექა ბასილაიას თქმით, ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი. ადვოკატმა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს კითხვებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

"მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს ეს საქმე დაეწერა მიმდინარე წლის 23 იანვარს, აქედან ზუსტად 7 დღეში იღებენ გადაწყვეტილებას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ. ექსტრემალური სისწრაფით, 50-ტომიან საქმეზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკასაციო საჩივარი დაეშვათ. ამის შემდეგ კი, ათ დღეში და ამ პერიოდში უწევდა ოთხი არასამუშაო დღე, იღებენ გადაწყვეტილებას, რითაც თავდაყირა აყენებენ უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილ პრაქტიკას" - ამბობს ბასილაია მთავარ არხთან.

ადვოკატს კითხვა უჩნდება, თუ გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ დაინახა საქმეში ინტერესთა კონფლიქტი და თვითაცილების საფუძველი, "შალვა თადუმაძე როგორ იყო ლეგიტიმური, სანდო და მიუკერძოებელი მსაჯული ამ საქმისთვის". 

ბექა ბასილაიას შეფასებით, "ამ თავხედური და ჯამბაზური სასამართლოს" პირობებშიც კი, "სრულიად გამაოგნებელია" უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, უგულავას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის საქმეს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია (შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი) განიხილავდა.

ოპოზიციის ერთერთი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ.

ყველა მათგანის განცხადება წაიკითხეთ აქ.

კომენტარები