რუსეთის ეკონომიკა

რუბლის ვარდნის ფონზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო შესყიდვები შეაჩერა

Getty Images

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, საბიუჯეტო წესის მიხედვით, რუბლის ვარდნის პარალელურად შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის შეძენა 30 დღით შეაჩერა. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგულატორი აკვირდება სავალუტო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს და მზად არიან აამოქმედონ დამატებითი ინსტრუმენტები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. 

სავაჭრო დღის გახსნის მომენტიდან ნავთობის ფასები ბაზრებზე თითქმის 30%-ით შემცირდა, რის ფონზეც რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 75 რუბლია, ხოლო ერთი ევროსი 83 რუბლი. 

"გადაწყვეტილება მიღებულია მოვლენათა პროგნოზირებადობის მიზნით, ასევე მიღებული ზომები ხელს შეუწყობს ვოლატილობისა და ნავთობის გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარების დასტაბილურობას", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

რაც შეეხება სავალუტო შესყიდვების განახლებას, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებდნენ. 

ცნობისთვის, 6 მარტს ვენაში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის [OPEC] გამართულ შეხვედრაზე რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები