საარჩევნო სისტემა

ჩუგოშვილი: ოპონენტების სისხლის სამართლის საქმეები პირდაპირ ახდენს გავლენას შეთანხმებაზე

პირველი არხი

"ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩამოკიდებულია და არ ჩანს როგორ განვითარდება, პირდაპირ ახდენს გავლენას, შეთანხმება მოხდება თუ არა ოპოზიციას და უმრავლესობას შორის", - ამის შესახებ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ტვ პირველი ეთერში საუბრობს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, თუმცა ჯერჯერობით მკაფიოდ არ ჩანს რა ნაბიჯები იქნება ეს. 

"ელჩებთან შეხვედრებზე, სადაც თემა საარჩევნო სისტემაა დაკავებების თემაც იწევს ხოლმე. ერთმანეთს ებმება ხოლმე სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს და ის საუბარი, რომელიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება," - ამბობს ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ ყველა პარტია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობს პროცესში, თუმცა შეთანხმებისკენ გარკევული ნაბიჯები გადადგმულია. მისივე თქმით, შეთანხმებისთვის უკვე მცირე დრო არის დარჩენილი, რადგან მომავალ ოთხშაბათამდე თუ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, კანონში ცვლილება ვეღარ მოესწრება. 

"მგონია რომ ძალიან რთული იქნება, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს რაიმე ისეთ ვერსიაზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ინტერესი აქვს, ბუნებრივია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას საკუთარი ინტერესები აქვს და ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობს ამ პროცესში. გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული იმისკენ, რომ მივუახლოვდეთ შეთანხმების პროცესს, მაგრამ დროც ძალიან ცოტაა დარჩენილი," - ამბობს ჩუგოშვილი.

ოპოზიციას შესათანხმებლად ორი პირობა აქვს, ერთი, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მეორე - საარჩევნო სისტემა უნდა იყოს იმგვარი, სადაც პარტია ვერ მიიღებს უმრავლესობას, თუ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებს. 

რას გულისხმობს 40%-ის პრინციპი? 

ოპოზიცია ამ პრინციპს შემდეგნაირად განმარტავს - იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება, პლუს თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება. 

ანუ, არ უნდა იყოს მანდატების ისეთი გადანაწილება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ძალა, რომელიც პროპორციულ ნაწილში 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაჟორიტარების ხარჯზე შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. 

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართა 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. 

დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებული შეხვედრები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. მანამდე ოპოზიციამ  ლეიბორისტების პარტიაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლებას 130/20-ზე განაწილების პრინციპი შესთავაზა, რაც მათივე თქმით, უზრუნველყოფს 40%-თან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას. 

კომენტარები