ევროსაბჭოს მინისტერიალი

აბაშიძე მინისტერიალზე: ამ თემაზე აჟიოტაჟმა შექმნა რისკი, რომ ქვეყანას ზიანი მიყენებოდა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთა ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ თემის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა რისკი შექმნა, რომ ქვეყანას და მის რეპუტაციას საფრთხე შექმნოდა.

"უკვე რამდენიმე თვეა ამ თემის ირგვლივ არ წყდება აჟიოტაჟი და სპეკულაციები. ეს გახდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და აშკარად შეიქმნა რისკი იმისა, რომ ამ ფონზე შეიძლება ჩვენს ქვეყანას და მის რეპუტაციას ამ ვითარებამ მიაყენოს ზიანი. ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, ხაზს ვუსვამ", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება, დავით ზალკალიანმა დღეს გამოაცხადა. ამავე ინტერვიუში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ "არ უნდა მიეცეს არცერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია". ტაბულას დამაზუსტებელ კითხვაზე, ზალკალიანმა თქვა, რომ ის საუბრობდა როგორც შიდა ძალებზე, ისე - გარე. 

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

კომენტარები