კორონავირუსი

თურნავა კორონავირუსზე: ფრენების შეზღუდვა ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება

ნათია თურნავა
ტაბულა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო ფრენების შეზღუდვა ეკონომიკისთვის და პირველ რიგში, ტურიზმისთვის, დამაზიანებელი იქნება.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამიტომაც წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება. რა თქმა უნდა ეს ზომები არის დამაზიანებელი ეკონომიკისთვის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტურიზმი დგება დარტყმის ქვეშ", - ამბობს ნათია თურნავა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მთავრობა დააკვირდება რამდენ ხანს გაგრძელდება "ეს გამოწვევა" და გარკვეულ ანტიკრიზისულ ზომებზე იფიქრებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საქართველოს მთავრობამ ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფრენები 23 თებერვალს შეზღუდა. მანამდე, 29 იანვარს, შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. რაც შეეხება იტალიას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არც იტალიასთან და არც ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით მოგზაურობის შეზღუდვის წინადადება ამ ეტაპზე არ განიხილება.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს ახალი ვირუსის აღმოჩენა დადასტურდა. 24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. მას მოსდევს სამხრეთ კორეა და იტალია.

კომენტარები