ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: ჯერ არ ვიცი, რომელ პარტიაში ვიქნები, დრო მჭირდება ჩამოსაყალიბებლად

რადიო თავისუფლება

საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. შს ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, რომელ პარტიასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას "რეჟიმის დასამარცხებლად" და ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება. ვანო მერაბიშვილმა ასევე თქვა, რომ უხარია ოპოზიციის ერთიანობა.

"კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, მე ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს, აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, ისე დღეს არ შემიძლია განცხადების გაკეთება, რადგან ამ ხუთ წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, ჯერ არაფერი შეცვლილა.

ჩემი უახლოესი მეგობრები, თანამებრძოლები, თანაპარტიელები, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პარტიაში [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო] არიან. მე ყველა მათგანს შევხვდები, ყველას აზრს გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დასკვნებით გავაკეთებ. მე მჭირდება გარკვეული დრო და პირველივე რიგში ჟურნალისტებს გაძლევთ გარანტიას - პირველსავე ხელსაყრელ მომენტში, როგორც კი ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ თქვენ გაიგებთ" - თქვა მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, გაითვალისწინებს თუ არა გადაწყვეტილების მიღებისას მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას.

"აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. კონკრეტულად რომელ პარტიასთან ერთად გავაკეთებ ამას, ამასთან დაკავშირებით ყველას შევხვდები" - თქვა მერაბიშვილმა.

კომენტარები