ლელო საქართველოსთვის

ფიქრია ჩიხრაძე: იმედი მაქვს სააკაშვილი ივანიშვილს თავს საფრთხობელად აღარ გამოაყენებინებს

თეორემა/ტაბულა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, პირადი შტაბის გახსნასთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე გამოეხმაურა.  

"მიხეილ სააკაშვილს სურს საკუთარი თავის აქტუალიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში - ეს გასაგებია, ერთადერთი ის არის რომ, ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ მიხეილ სააკაშვილი მორიგ ჯერზე არ გამოაყენებინებს ბიძინა ივანიშვილს თავს საფრთხობელად და მისი მეშვეობით არ დააშინებენ ქართულ საზოგადოებას, რომ რევანშის საფრთხე მოდის," - თქვა ლელოს პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართვაში თქვა, რომ პირველი მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე "საკუთარ შტაბს" ხსნის და "კიდევ უფრო ფართო კონსულტაციების" სურვილი გამოთქვა. "ყველას გელოდებით ჩემთან" - თქვა მან.

"პირველი მარტიდან, 'სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის' ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა," - ამბობს სააკაშვილი.

 

კომენტარები