რევაზ არველაძე

არველაძე ტიკარაძეს: შეიძლება მე მეშლება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?

რევაზ არველაძე
საქართველოს პარლამენტი

"შეიძლება მეშლება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?" - ჰკითხა ქართული ოცნების დეპუტატმა, რევაზ არველაძემ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს. გუშინ, 4 თებერვალს არველაძემ თქვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

არველაძის თქმით, მას "ძალიან კარგად ესმის", რომ საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა. დეპუტატის თქმით, გაჭირვებულ ბავშვებს სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ, მათ შორის, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების.

"თუმცა, სულ სხვა ამბავია, ჩემი აზრით, შიმშილი. ამისთვის არის გამოყოფილი 70 მილიონი ლარი, ასეთ ბავშვებს ყოველთვიურად ეძლევათ კვების ბარათები, ვაუჩერები და ა.შ. ასრებობს პროგრამები. თუმცა, შეიძლება მეშლება და მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?"-ჰკითხა არველაძემ ტიკარაძეს. 

"თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული,"- თქვა გუშინ რევაზ არველაძემ. 

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბავშვების 6.8% ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია $1.25 დღეში). 

UNICEF-ის კვლევით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების მონაცემები 4.3%-ით გაიზარდა. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი).

კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.

ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2015-დან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა.

კომენტარები