საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარში გაიზარდა როგორც საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების რაოდენობაც.
საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 19,8%-ით აღემატება. უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელს 18,9%-ით აღემატება.
უწყების ინფორმაციით უცვლელი დარჩა იმ ქვეყნების სამეული, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ესენია: აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი. იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან, ყაზახეთიდან და საუდის არაბეთიდან. დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.
გასულ წელს საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. ამის პარალელურად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების მიუხედავად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლის ბოლოსთვის 47 მილიონით გაიზარდა და 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.