მექსიკა

2006 წლის შემდეგ მექსიკაში 60,000-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა

Reuters

მექსიკის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2006 წელს ქვეყანაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ 60,000-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა.

მანამდე მოიაზრებდნენ, რომ ეს რიცხვი დაახლოებით 40,000 იყო. 1964 წლის შემდეგ ქვეყანაში ადამიანების გაუჩინარების სულ 61,637 შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმეტესობა 2006 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ფილიპე კალდერონმა ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება გამოაცხადა.

გაუჩინარებულთა 53%-ის ასაკი 15-დან 35 წლამდეა. მათი 74% კაცია.

გარდა ამისა, მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 31,000 ადამიანი მოკლეს, გაუჩინარდა 5,000 პირი. რომ მკვლელობის და გაუჩინარებების უკან ძირითადად ნარკოკარტელები და ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები დგანან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამაში ქვეყნის უშიშროების ძალებს ადანაშაულებენ.

მექსიკა ამ მაჩვენებლებით რეგიონის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მაგალითისათვის გუატემალას 36-წლიან სამოქალაქო ომში დაკარგულად 40,000 ადამიანი ითვლება. არგენტინაში სამხედრო მმართველობის პირობებში 1976-დან 1983-წლამდე 30,000-მდე ადამიანი გაუჩინარდა.

მას შემდეგ, რაც 2018 წელს ქვეყნის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორი გახდა, ქვეყანაში 873 სამარხი აღმოაჩინეს, რომლებშიც 1,124 ადამიანი იყო დამარხული.

ობრადორი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქვეყანაში კარტელებთან ომს დაასრულებს და მშვიდობას მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ კარტელებში შიდა დაყოფის გამო მკვლელობის მაჩვენებელი რეკორდულადაა გაზრდილი. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შექმნის სპეციალურ ეროვნულ გვარდიას, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლებს, თუმცა საფრთხეების და რისკების გამო მასში გაწევრიანების მსურველი ბევრი არ არის.

კომენტარები