ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი: მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად
Facebook / საქართველოს მთავრობა

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დღეს გათავისუფლდა, ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს მასზე ზეწოლა არ ყოფილა. ექიმმა მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ის ამჟამად, ოჯახთან ერთად საკუთარ სახლში იმყოფება. 

"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა. ორჯერ მქონდა მარტო თუ ერთხელ, რომ მენახა ქართული არხი იქ. დიდი მადლობა ყველას თქვენი თამადობით [ჟურნალისტების] ვინც მხარს მიჭერდა, გვერდში მედგა და მომცა საშუალება, ეს თვენახევარი გამეძლო"- ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი. 

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა. საოკუპაციო რეჟიმი მისგან “დანაშაულის აღიარებას" ითხოვდა, თუმცა, გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები