სამთავრობო პროპაგანდა

FACEBOOK-ზე Bidzina Ivanishvili & Media კვლავ იძებნება

ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი FACEBOOK გვერდი, Bidzina Ivanishvili & Media კვლავ იძებნება.

მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ასობით ქართული გვერდი წაშალა და ისინი ქართულ ოცნებას დაუკავშირა, Bidzina Ivanishvili & Media არ იძებნებოდა. 21 დეკემბერსა და 22 დეკემბრის პირველ ნახევარში, გვერდზე გადასვლა შეუძლებელი იყო როგორც ფეისბუქის საძიებო ველიდან, ასევე, გუგლის საძიებო სისტემიდან. ბმული არ ჩანდა არც სხვისი ანგარიშიდან მონიშვნის შემთხვევაში.


ფოტო: ტაბულა
დღეს, 22 დეკემბერს, ტაბულამ დაწერა, რომ Bidzina Ivanishvili & Media არ იძებნება. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, გვერდი კვლავ გამოჩნდა, სადაც ტაბულა "ცრუ ინფორმაციის" გავრცლეებაში დაადანაშაულეს.

"საინფორმაციო სააგენტო "ტაბულამ" გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს გვერდი გაუქმდა და კავშირში იყო არაკანონიერ ქმედებასთან. ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს ფეისბუქის ყველა წესის დაცვით, რასაც ადასტურებს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მონაცემები", - აღნიშნავს გვერდის ადმინისტრატორი.

ცხადია, ტაბულას ინფორმაცია გადამოწმების გარეშე არ გაუვრცელებია. გარდა ამისა, ამავეს ამბობდა "სამართლიანი არჩევნების" მკვლევარი. სწორედ ამ ორგანიზაციასთან ჰქონდა ფეისბუქს კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდები წაშალა.

სპეციალისტების თქმით, შესაძლოა, ფეისბუქის გადაწყვეტილების შემდეგ, Bidzina Ivanishvili & Media თავად ადმინისტრატორებმა დროებით დამალეს, რათა უკვე წაშლილი გვერდების ანალოგიური კონტენტი ფეისბუქს კვლავ არ წაეშალა. 

ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდების ნაწილი, რომლებიც ფეისბუქს ჯერ არ წაუშლია და რომლებსაც 10 ათასზე მეტი მოწონება აქვს, დღეს აღარ იძებნება. გუშინ, 21 დეკემბერს, ეს გვერდები ხელისაწვდომი იყო. შესაძლებელია, ეს ანგარიშები არააქტიურ რეჟიმზე გაუქმებისგან მათ დასაცავად გადაჰყავთ.

არც ისაა გამორიცხული, რომ მათ უკვე წაშლილი გვერდის აღდგენა შეძლეს. ფეისბუქი ამას იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ გვერდის ადმინისტრატორები დაუსაბუთებდნენ, რომ ანგარიში არაავთენტური არ არის, ანუ ნამდვილად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თუმცა, სპეციალისტები ამ ვერსიას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

იმის დასადასტურებლად, რომ Bidzina Ivanishvili & Media გუშინ, 21 დეკემბერს არააქტიური იყო, გთავაზობთ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს, რომელიც "სამართლიანმა არჩევნებმა" მოგვაწოდა.

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. 

კომენტარები