საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული 4 პირის პროცესი დაიწყო

TV Pirveli

საქალაქო სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო. საქმეს მოსამართლე ლელა მილდენბერგერი იხილავს. 

საკრებულოში მომხდაარი დაპირისპირების დროს პოლიციამ სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილია" და "შეცვალე" აქტივისტები, თამარ კაკაბაძე, შუშანა მაცაბერიძე, ქეთი გელიაშვილი და ჯაბა კვარაცხელია დააკავეს. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მათ წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

საკრებულოში აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ, რადგან მან საოკუპაციო ძალების მიერ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ "პროვოკატორები" და "იდიოტები" უწოდა.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს - რამდენიმე გოგო კიბეებზე ათრიეს. 

რამდენიმე აქტივისტს, რომელიც ძალის გამოყენებით გაათრიეს, სხეულის დაზიანებები აქვს.

კომენტარები