საქალაქო სასამართლო

12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებული 16-ვე პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო.

მათგან 10 პირის პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება, ხოლო დანარჩენი 6-ის 24 დეკემბერს. ამ დროისთვის აქციის 16-ვე მონაწილე გათავისუფლებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ პირებს შორისაა ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ერთერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძეც, რომელიც ზებრა-გადასასვლელზე გადასვლის გამო დააკავეს. 

ვაშაძის თქმით, მის საქმეს მოსამართლე 13 დეკემბერს განიხილავს. 

"რაც არ უნდა დაგვაკავონ და რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება. ჩვენ გვყავს მატყუარა, თაღლითი ხელისუფლება, რომელსაც დღეს ჰგონია, რომ თითქოს თავისი გაიტანა და ეს მოსამართლეები დაამტკიცა. არ შეგრჩებათ,"- თქვა ვაშაძემ პროცესის შემდეგ. 

პარლამენტმა 12 დეკემბრის სხდომაზე უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა. ეს პროცესი მთელი დღის განმავლობაში პარლამენტს გარეთ პროტესტის ფონზე გრძელდებოდა. დემონსტრანტები პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებდნენ, მხარი არ დაეჭირათ ე.წ სასამართლო კლანის წარმომადგენლებისთვის. 

კომენტარები