სასამართლო სისტემა

ბესელია: დღეს ვნახეთ, იურიდიული კომიტეტი როგორ ჩაბარდა და დაემორჩილა კლანს

ტაბულა

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა და უმეტესობას მხარი დაუჭირა, ლეგიტიმაცია ვერ ექნება. დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, რომ პროცესი შეაჩერონ. 

"სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვნახეთ, იურიდიული კომიტეტი როგორ ჩაბარდა კლანს და დაიმორჩილა კლანმა ეს კომიტეტი მთლიანად... ბოლო შანსი აქვს ბოლო კენჭისყრაზე პარლამენტს, ქართულ ოცნებას. თუ ის ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელსაც კანონის დარღვევით და პროცედურის დარღვევით ჩატარდა, გადაიბარებს და დააკანონებს, 9 წელსაც გადაიბარებს მთლიანად და ერთნაირად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ცხრას პლიუს რვა. ეს იქნება აბსოლუტურად იგივე, რა ძალადობაც ხდებოდა მაშინ"- ამბობს ბესელია. 

მიუხედავად ზოგიერთი დეპუტატის წინააღმდეგობისა და მოწოდებისა, არ ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან ის უკანონოა, პროცედურა მაინც ჩატარდა, ხმაურის და პროტესტის ფონზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა.

პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მოწოდებით "არ აირჩიო მონა".

კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებმა არაერთი განცხადება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და კენჭისყრის გადადება მოითხოვეს.

იყო ჟურნალისტებზე ძალადობაც - ტაბულას რეპორტიორს, თიკო ერაძეს პარლამენტის მანდატურმა სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

კომენტარები