მეუფე პეტრე ცაავა

მეუფე პეტრე ცაავა საინფორმაციო ვებგვერდის შექმნას აპირებს

IPN

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საინფორმაციო ვებგვერდის შექმნას და ამით საპატრიარქოს მხილებას აპირებს. ეს ინფორმაცია მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "ფორმულას" დაუდასტურა. 

"ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე და გადავფაროთ სიცრუის ის ნიაღვარი, რომელიც მოდის საპატრიარქოდან. ვამხილოთ ცრუ ქრისტიანობა და ვიქადაგოთ ქრისტიანობა" - ამბობს ცაავა "ფორმულასთან" სატელეფონო საუბრის დროს.  

მეუფეს თქმით, ონლაინგამოცემის თანამშრომლები ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტთან დაახლოებული საეკლესიო პირები იქნებიან, მათ შორის იღუმენია თამარ გამყრელიძე. როგორც ცაავა ამბობს, მუშაობა ჯერ იდეის დონეზე აქვთ დაწყებული, თუმცა მისი თქმით, არსებობენ შემომწირველები, რომლებიც საპატრიარქოს სამხილებლად ონლაინ გამოცემას აპარატურას გადასცემენ. 

საპატრიარქოში ამბობენ, რომ ცაავას მედია გეგმებზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რეაგირება მოახდინონ, იმ შემთხვევაში, თუ პეტრე ცაავა ცილისმწამებლურ განცხადებებს გაავრცელებს. 

"თუ სიმართლეს იტყვიან, ნებისმიერი პრობლემისთვის სიმართლის მოფენა იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თუ იქნება კვლავ სიცრუე და ცილისწამება, ეს თავად ცილისმწამებლებს ამხელს"- ამბობენ საპატრიარქოში. 

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ეპისკოპოსიდან 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით განაყენეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა ცაავამ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ განყენების მიზეზი ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილება გახდა - მან კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიითა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

კომენტარები