დაპირისპირება საკრებულოში

ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ს სხდომის დატოვება მოსთხოვეს

ტელეკომპანია პირველი

ოზურგეთის საკრებულოში ქართული ოცნების წარმომადგენლები ოპოზიციას დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც ენმ-ს წევრს facebook-ზე გაზიარებული პოსტის გამო უთხრეს, რომ პარტიას სხდომაზე დასწრების მორალური უფლება არ ჰქონდა და დარბაზიდან გასვლა მოსთხოვეს, სიტუაცია დაიძაბა. საბოლოოდ, ენმ-ს წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. 

ენმ-ს წევრის, ბესიკ ქათამაძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მათ სხდომის დატოვებას სთხოვდა, მანამდე კი შენობასთან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.

საკრებულოს თავმჯდომარე მომხდარს ადასტურებს და ამბობს, რომ ენმ-ს წარმომადგენლებს არ ჰქონდათ იქ ყოფნის მორალური უფლება. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით მჟავანაძის განცხადებით, მას ჰქონდა შეკითხვები საკრებულოს წევრ ერთ-ერთ დეპუტატთან მის განათლებასა და კომპეტეციასთან დაკავშირებით. მჟავანაძე ამტკიცებს, რომ ამ დეპუტატს წლების განმავლობაში არ ჰქონდა ატესტატი. 

"ასეთი სამარცხვინო შოუს დადგმას შეეცადნენ... ვთქვი, რომ ქართულ ოცნებაში დიპლომების გარდა, ატესტატებიც პრობლემაც ყოფილა" - ამბობს დავით მჟავანაძე და განმარტავს, რომ მის მიერ facebook-ზე გაზიარებული პოსტი შეაფასეს როგორც ბულინგი.

"დაპირისპირების მიზეზი იყო ბატონი დავით მჟავანაძის საქციელი, რომელმაც გამოიწვია აღშფოთება ჩვენს კოლეგებში და ჩვენ მოვუწოდეთ, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი და ბოდიში უნდა მოეხადათ ქალბატონებისთვის. მათ საჯარო სივრცეში ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდათ და კარგი ქნეს, რომ დატოვეს საკრებულოს სხდომა" - ამბობს ქართული ოცნების წარმომადგენელი. 

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ქუჩის პროტესტით ცდილობენ ხელისუფლების იძულებას, დაუბრუნდეს დიალოგის რეჟიმს და შეასრულოს ჯერ კიდევ ივნისში, გავრილოვის ღამის შემდეგ გაცემული დაპირება.

კომენტარები