დაპირისპირება საკრებულოში

დავითულიანი: არ ვიტყვით როდის ჩავნიშნავთ უმრავლესობის სხდომას, სპექტაკლი რომ არ დაიდგას

თბილისის საკრებულო

საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომის ანონსს, სადაც ერეკლე კუხიანიძის საკითხზე უნდა იმსჯელონ, არ გაავრცელებენ. "ანონსს არ გავაკეთებთ როდის ჩავნიშნავთ სხდომას, რომ ასეთი სპექტაკლი არ დაიდგას."

ამის შესახებ დავითულიანმა დღეს ევროპული საქართველოსა და ენმ-ის წევრებთან საუბრის შემდეგ თქვა. ოპოზიცია და აქტივისტები ითხოვენ, რომ ერეკლე კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს. 

"ვისაუბრეთ ოპოზიციასთან, მათ უნდათ, რომ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩავსხდეთ, ჩვენი პოზიციაა, რომ რა თქმა უნდა უმრავლესობის გადაწყვეტილება იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება, სხდომა შედგება მაშინ, როცა ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ და არა მაშინ როცა ისინი მოგვთხოვენ და ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად ჩვენი შინაგანი რწმენით და არა ვიღაცის მოთხოვნის შესაბამისად," - ამბობს დავითულიანი. 

საკრებულოში აქტივისტებმა დრეს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს - რამდენიმე გოგო კიბეებზე ათრიეს.

რამდენიმე აქტივისტს, რომელიც ძალის გამოყენებით გაათრიეს, სხეულის დაზიანებები აქვს, ასევე რამდენიმე დაკავებულია.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

 

კომენტარები