აბაშიძე-კარასინი

რუსული კულტურის ცენტრები ჯაშუშობის საფარია, მსგავსი საბჭოთა ორგანოს უფროსი აბაშიძე იყო

agenda.ge

კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგორი კარასინმა, მედიასთან თქვა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნება. 

რუსულ კულტურულ ცენტრებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს საბჭოთა კავშირიდან იღებს. საქართველოში არსებული მსგავსი ორგანოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კი სწორედ ზურაბ აბაშიძე იყო. 

რუსული კულტურული ცენტრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ოფიციალურად, მათი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა, რაც მათ შორის, მოიცავს ენის შესწავლას, გაცვლით კურსებსა და საჯარო ღონისძიებების სერიებს, როგორიცაა ფილმების ჩვენებები, კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები და ა.შ.

თუმცა, არაერთი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს, რომ ასეთი ცენტრები რუსეთისთვის საგარეო დაზვერვის მუშაობის საფარად გამოიყენება.

საბჭოთა კავშირის დროს ამ პროპაგანდისტულ ფუნქციებს ე.წ ВОКС (Всесою́зное о́бщество культу́рной свя́зи с заграницей) - უცხოეთთან კულტურული კავშირების სრულიად საკავშირო საზოგადოება ეწოდებოდა, რომელიც 1925 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ იყო დაარსებული. 

მისი პირველი ხელმძღვანელი დაარსებიდან 1930 წლამდე ბოლშევიკური პარტიის ერთერთი იდეოლოგის, ლეონ ტროცკის, და და კიდევ ერთი იდეოლოგის, ლევ კამენევის, ცოლი ოლგა ბრონშტეინ-კამენევა იყო. 

ВОКС კომუნისტური პროპაგანდის დე-ფაქტო ორგანიზაცია იყო, რომლის საფარქვეშაც КГБ საგარეო დაზვერვის სამსახურები მოქმედებდნენ. ამის გამო ეს გაერთიანება ხშირად ექცეოდა დასავლელი სამთავრობო ლიდერების, საჯარო ინტელექტუალებისა და მედიის კრიტიკის ქვეშ. 

1958 წელს ВОКС გარდაიქმნა "უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობებისა და მეგობრობის საბჭოთა საზოგადოებების კავშირად", რომელმაც 1992 წლამდე იარსება. დღეს კი რუსულ კულტურულ ცენტრებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტო "როსსატრუდნიჩესტვო" აკონტროლებს.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ВОКС-ის მსგავს გაერთიანებას ГОКС (Грузинское общество культурных связей) - კულტურული კავშირების ქართული საზოგადოება ერქვა. ამასთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაცია ГОДИКС (Грузинское общество дружбы и культурных связей с заграницей) - უცხოეთთან კულტურული კავშირებისა და მეგობრობის ქართული საზოგადოება. მისი ოფისი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახლანდელ სასახლეში იყო. 

სწორედ ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან დიალოგის დროს, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდიდან კარასინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

აბაშიძე ამ ორგანოს 1988-1993 წლებში ხელმძღვანელობდა. 

აშშ-ში რუსული კულტურის ცენტრის ბოლო ორი ხელმძღვანელი FBI-ის მიერ ჯაშუშად იყო ცნობილი, ერთერთი მათგანი ამ მოტივით ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს ქვეყნიდან იმ 59 პირთან ერთად გააძევა, რომლებიც ამოცნობილი ჯაშუშები იყვნენ. 

ამასთან 2016 წელს ფრანგული მედია ინფორმირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ ეიფელის კოშკთან და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს მდებარე რუსული კომპლექსი, მათ შორის რუსეთის კულტურული ცენტრი კრემლის მიერ დაზვერვის საფარად გამოიყენება. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები