სერიალების შესავალი

ბოლო ათწლეულის სერიალების რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელი შესავალი

ტაბულა

სერიალის დასაწყისი პროექტის წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სწორედ ის ამახსოვრდება მაყურებელს და არსებობას დამოუკიდებლადაც აგრძელებს. ჩვენ ავარჩიეთ რამდენიმე შოუ, რომლის შესავალი ხარისხით თვითონ შოუსაც არ ჩამოუვარდება:

Game of Thrones

ვესტეროსისა და ესოსის 3D-ში შექმნილი მოძრავი რუკა არაჩვეულებრივი მუსიკის თანხლებით, ნამდვილად იმსახურებს Game Of Thrones-ის ფანების ყურადღებას და აღფრთოვანებას. დასაწყისიდანვე ავტორები გვაჩვენებენ რამხელა ტერიტორიისთვის იბრძვის ესა თუ ის საგვარეულო. მერვე სეზონში, ვიდეოში ცვლილებები შეიტანეს (მაგალითად დაანგრიეს კედელი) რითაც ის უკეთესი არ გახდა, პირიქით ბევრ ადამიანს ეს ცვლილებები არ მოეწონა ისევე, როგორც მთლიანი ბოლო სეზონი. 

BoJack Horseman

 BoJack Horseman ანიმაციური სერიალია მთავარი გმირის (გმირების) დეპრესიაზე, კრიზისზე, აუტანელ რუტინაზე და ზოგადად ჰოლივუდის ყოფილი ვარსკვლავის (და აწმყო ვარსკვლავების) ცხოვრებაზე, რომლის მოკლე დასაწყისი იდეალურად აღწერს ყველაფერს რაზეც სერიალი გვესაუბრება. 

Mad Men

ხშირად, სერიალს Mad Men ძალიან მარტივად აღწერენ: ეს არის 1960-იანი წლების რეკლამის ბიზნესში მომუშავე ადამიანების ისტორია, თუმცა მისი დასაწყისიდან მაშინვე ვიგებთ მთავარ შინაარსს. ეს არის ერთი ადამიანის ამბავი, მისი ეკონომიკურ, მორალურ და კარიერულ უფსკრულში აღმოჩენა და იქიდან თავის დაღწევის, საკუთარი ცხოვრების კონტროლის მცდელობა. 

True Detective 

სერიალის  True Detective შესავალი ისეთივე მშვენიერია, როგორც თვითონ სერიალი. დასაწყისი, სტილით და მუსიკით იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ბევრმა ფანმა ის სხვა სერიალებისთვის თუ თამაშებისთვის გამოიყენა და მსგავსი შესავალი მაგალითად GOT-ს ან Red Dead Redemption II-ს გაუკეთა.

The Leftovers

სერიალის შესავალი ცოდვილთა ფრესკაა. ადამიანების გაქრობის, მათი ტანჯვისა და ტკივილის, ტრაგედიის იდეალური ხატია, რომელიც მაქს რიხტერის მუსიკაზე ცოცხლდება. 

Stranger Things

მიუხედავად იმისა, რომ Stranger Things-ის შესავალი მოკლე და მარტივია (შავ ფონზე ასოების მოძრაობით საბოლოოდ სერიალის სახელი იწერება) მას Youtube-ზე 10 მილიონ ნახვაზე მეტი აქვს, ხოლო ფანები ამბობენ, რომ მისი გადახვევა უბრალოდ შეუძლებელია. სავარაუდოდ ამ წარმატების ერთ-ერთი მიზეზი 1980-იანი წლების ელექტრონული მუსიკის სტილში  ( John Carpenter, Gunship, Tangerine Dream) შექმნილი კომპოზიციაა, რომელიც შესავალს ფონად ადევს. 

Narcos

 კადრები პაბლო ესკობარის პირადი ფოტოარქივიდან და კომპოზიტორ როდრიგო ამარანტეს სახასიათო მუსიკა იდეალური სინთეზია, რომელიც შოუს შესავალს დაუვიწყარ სანახაობად აქცევს.  

კომენტარები