გიორგი კანდელაკი

"ავლაბრის მეტროსთან ჩამომსვეს" - გიორგი კანდელაკი გაათავისუფლეს

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი კანდელაკი გაათავისუფლეს.

​ევროპული საქართველოს დეპუტატი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

კანდელაკი აქციაზე უკვე დაბრუნდა და თქვა, რომ პოლიციამ ის მანქანიდან ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვა.

"განრიდება არსებობს, როცა რაღაც საფრთხე მემუქრება, ქვებს ისვრიან და ა.შ. უბრალოდ ჩემთვის ვიდექი და ეს იყო უკანონო, ანტიკონსტიტუციური თავისუფლების აღკვეთა პარლამენტის წევრისთვის", - თქვა კანდელაკმა.

მისი ინფორმაციით, პოლიციას დაკავებული ჰყავს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც კახეთის გზატკეცილზე გადაიყვანეს.

პოლიციას დაკავებული ჰყავდა ევროპული საქართველოს კიდევ კიდევ ერთი ლიდერი, გიგი უგულავა. ის უკვე თავისუფალია და აქციაზე დაბრუნდა.

გარდა ამისა, პოლიცია ცდილობდა დეპუტატ ირაკლი აბესაძის დაკავებასაც, თუმცა საბოლოოდ, აბესაძე აქციაზე დარჩა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციის სხვა მონაწილეების დაკავების შესახებაც. ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავს, აქტივისტები იმყოფებიან.

თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.

კომენტარები