თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მიკროავტობუსი: თუ მგზავრობის ტარიფზე აისახება, 2020 წლიდან ავტოპარკს განვაახლებთ

თბილისის მიკროავტობუსის გენერალური დირექტორის თქმით, თუ არსებული პრობლემები მგზავრობის ტარიფში აისახება, 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლებას დაიწყებენ. კომპანიის დირექტორმა დავით ასანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიკროავტობუსების პარკის შეცვლას 2018 წელს აპირებდნენ, თუმცა, ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ასანიძის თქმით, კომპანიას 115-მილიონიანი ზარალი აქვს და აქედან, 50 მილიონის ზარალი ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. 

"2011 წელს, როდესაც ლიცენზია მოვიპოვეთ, გაცვლითი კურსი იყო 1.65. ამ კურსზე იყო ჩვენი ბიზნეს გათვლა და ჩადებული იყო კურსის 10-20%-იანი ცვლილება. მაშინ მთლიანად განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი. დაახლოებით 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ.

თუ დავუშვათ, შეიცვლებოდა კურსი ამაზე მეტად, ეს ტარიფშიც უნდა შეცვლილიყო. დღეისათვის კურსი მნიშვნელოვნად შეცვლილია, თუმცა ეს არ ასახულა ტარიფზე. ასტრონომიულ ციფრს მიაღწია კომპანიის ზარალმა. აუდიტირებული ზარალი ამ დროისთვის 115 მილიონია. ზარალზე ვმუშაობთ, რომელსაც კომპანიის მფლობელები ფარავენ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მივედით აქამდე, მოგეხსენებათ, ტარიფის ცვლილება მარტივი თემა არაა. ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამაზე ყოველთვის გვქონდა საუბარი და გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქშია. ვცდილობდით, მაქსიმალურად ისე გადაგვეტანა, რომ არ გაძვირებულიყო მგზავრობა. დღეისათვის კომპანიამ სხვა გამოსავალი ვერ მოძებნა. დღევანდელი და 2011 წლის ფასები რომ შევადაროთ ყველაფერზე, თითქმის გაორმაგებულია, 100%-ით გაძვირდა საწვავი, გარდა ჩვენი მგზავრობის ტარიფისა. გამოსავალი ისაა, რომ ეს საკითხები მგზავრობის ფასში აისახოს“, - აცხადებს დავით ასანიძე ინტერპრესნიუსის ინფორმაციით.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცემერს დაავალა კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან მოლაპარაკება, რათა 2020 წლიდან უკვე დაიწყოს მიკროავტობუსების პარკის განახლების პროცესი. კალაძე კონკრეტული გეგმის წარდგენას ორ კვირაში ითხოვს და ამბობს, რომ აღარ აპირებს "კიდევ რამდენიმე წელი ლოდინს".

კომენტარები