Freedom House-ის ანგარიში 2019

Freedom House: ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდებით დეზინფორმაცია ვრცელდებოდა

Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში ყალბ ფეისბუქ ექაუნთებზეა საუბარი, რომელთა საშუალებითაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით.

ორგანიზაცია წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მთავრობის მხრიდან სისტემური და ყოვლისმომცველი მანიპულაციური ონლაინ კონტენტი, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით. მაგალითად, 2019 წლის ივნისში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ონლაინ აქტივისტებმა ფეისბუქს იმ ბოტ ანგარიშების და დასპონსორებული პოსტების წაშლის მოთხოვნით მიმართეს, რომლებიც პროტესტის შესამცირებლად და სამთავრობო ნარატივის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

მედიის განვითარების ფონდმა სოციალური მედიის ათობით ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომლებიც სამთავრობო მესიჯებს ავრცელებენ და ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ბიზნესის წარმომადგენლების და იმ სხვა ადამიანების დისკრედიტაციას ცდილობენ, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

ასევე, არჩევნების მონიტორებმა დაადგინეს, რომ როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2018 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს. "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საზოგადოებამ" გამოავლინა, რომ დასპონსორებული პოსტები არჩევნების მეორე ტურში ანონიმურ ფეისბუქ გვერდებზე გამოყენებული იქნა ორივე პარტიის კანდიდატის დისკრედიტაციის მიზნით.

ასეთი გვერდების უმეტესი ნაწილი ფოკუსირებული იყო მთავრობის პოზიტიურად გაშუქებასა და მისი ოპონენტების, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის "გაშავებაზე".

თუმცა, ყალბი ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისთვის ჩირქის მოცხებასაც ისახავდა მიზნად.

ბოლო წლებში იმ ფეისბუქ გვერდების რიცხვი, რომლებიც ყალბ ინფორმაციას და ულტრა მემარჯვენე, რადიკალურ იდეებს ავრცელებენ, მკვეთრად გაზარდა. გაიზარდა მათი აუდიტორიაც.

2019 წლის იანვარში ფეისბუქმა განაცხადა, რომ წაშალა მრავალი, მათ შორის რუსეთში შექმნილი გვერდი, რომლებიც საქართველოზე იყო ფოკუსირებული", - ნათქვამია Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, მთლიანობაში, საქართველო ინტერნეტის მოხმარების კუთხით თავისუფალი ქვეყანაა.

ორგანიზაციამ საქართველოს 100-დან 75 ქულა და "თავისუფალის" სტატუსი მიანიჭა.

Freedom House-მა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზოგადად პატივს სცემდა ციფრული უფლებების დაცვას საქართველოში - ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტით სარგებლობის უფლებას.

თუმცა, როგორც ფრიდომ ჰაუსი მიუთითებს, ინტერნეტ თავისუფლებისადმი მუქარა მთელ რიგ ფრონტზე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტთან წვდომა გაიზარდა, ზრდა ნელი იყო.

ორგანიზაცია საუბრობს სახელისუფლებო ტროლინგის პრობლემაზე, ასევე მიუთითებს ბოლო წლებში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების პროცესის სტაგნაციაზე.

"ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტები და მომხმარებლები, გააქტიურდა, განსაკუთრებით 2018 წლის ივნისის საპროტესტო აქციების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ამასთან, ინტერნეტით შევიწროება გრძელდება - საანგარიშო პერიოდში ონლაინ დაშინების არაერთი გახმაურებული ფაქტი მოხდა.

საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები, ხოლო მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა 2012-2013 წლებში, ხელისუფლების შეცვლის პერიოდში. თუმცა, ბოლო წლებში პროცესი შეჩერებულია, სტაგნაციაა. ოლიგარქიული აქტორები დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევანზე და კანონის უზენაესობა განაგრძობს პოლიტიკური ინტერესების დაცვას", - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

კომენტარები