დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმე

პრეზიდენტი მამალაძის შეწყალებაზე: სინოდმა თავისი თქვა, მომეცით უფლება დავფიქრდე

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იმ წესების მიხედვით დაფიქრდება, რომლებსაც მომდევნო დღეებში მიიღებენ.

"აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელ საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა უნდა შევიწყალო თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ახლა, ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. არ არის მიღებული გადაწყვეტილება, როცა იქნება, დამერწმუნეთ, თქვენც გეტყვით პირველ რიგში და საზოგადოებას უთუოდ მოვახსენებ", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა". 

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ამავე დღეს საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ სინოდის წევრებს პრეზიდენტისთვის ჯერ ოფიციალური შუამდგომლობით არ მიუმართავთ. 

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან შეწყალების ფარგლებში მკვლელობაში ბრალდებულები და პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში ძებნილი პირები შეიწყალა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები