გიორგი მამალაძის საქმე

ადმინისტრაცია: მამალაძის შეწყალებაზე "ფეიკნიუსები" პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, "შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა". ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით "ფეიკნიუსი" ვრცელდება.

"ასეთი ფეიკნიუსები ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა",- აცხადებენ ადმინისტრაციაში და აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე.

გიორგი მამალაძის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გამო", წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული - მის მიერ მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა კი, საპასუხოდ შეწყალებაზე უარი თქვა მანამ, სანამ "არ გადაიხედება და შემუშავდება შეწყალების წესები". რაც შეეხება გიორგი მამალაძის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა. 

კომენტარები