გიორგი მამალაძის საქმე

პენიტენციური: მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა, სამოქალაქო კლინიკაში არ გადაგვყავს

ნეტგაზეთი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა. უწყება ირწმუნება, რომ დეკანოზის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას.

"გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან, როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი" - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

კომენტარები