შეწყალების საქმე

კახიძე შეწყალებაზე: უნდა გავარკვიოთ, რა მოტივაცია ამოძრავებდა პრეზიდენტს

ტვ. პირველი

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც თალაკვაძე ამბობს, რომ "შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი".

ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ გუშინ, შეწყალების ახალი წესის განხილვის შემდგომ გააკეთა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა.

ოთო კახიძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ნიშნავს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვისაც მიუღებელია ის შეწყალებები, რასაც ადგილი ჰქონდა 28 აგვისტოს.

"სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის მკვლელი და ასევე ძებნილი პირიც. თუ ეს მიუღებელია, უნდა გავარკვიოთ ამ მიუღებელი ნაბიჯის უკან რა იდგა, რა მოტივაცია ამოძრავებდა პრეზიდენტს, როცა ათასობით პატიმრიდან უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული პირები", - ამბობს კახიძე.

ოთო კახიძის ცნობით, ევროპული საქართველო 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს სვამს.

"ჩვენ ვაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ის რომ მომავალში რაღაცები გადაიხედება ეს არ არის პასუხი იმ შესაძლო დანაშაულზე, რასაც ადგილი, შესაძლოა, ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამიტომ ესაა გამოძიების მიერ შესწავლის საგანი. რადგან პროკურატურას შესაბამისი ნება არ აქვს, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს, ამიტომ ევროპული საქართველო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს სვამს", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე.

მისივე თქმით, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ სქემას და პიდაპირ ფინანსური სარგებელის სანაცვლოდ შეწყალებას "ვინაიდან ეს შეწყალება ძაიან უცნაურად გამოიყურება". 

კახიძე განმარტავს, რომ ევროპული საქართველოს დეპუტატ ირმა ნადირაშვილს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ შეწყალებების უკან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დგანან და კორუფციული სქემა მუშაობს, - "შესაბამისად პროკურატურა ვალდებული იყო ჩაეტარებინა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დაედო დასკვნა საზოგადოების წინაშე, თუ რა იყო პრეზიდენტის კრიტერიუმები შეწყალების საკითხზე. მათ დღემდე პრეზიდენტი არც კი გამოუკითხავთ", - ამბობს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირია.

4 ოქტომბერს, რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც შეიწყალა. 

კომენტარები