შეწყალების საქმე

კაპანაძე: შეწყალებაზე გამოძიების შემდეგ, შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს

მეორე არხი

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, შეწყალების საქმეზე გამოძიების შედეგების შემდეგ შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. კაპანაძე ამბობს, რომ ეს საქმე შეიცავს სავარაუდო კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებს და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დროულად წარიმართოს. 

"კონკრეტულმა წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია ასეთი ტიპის გარიგების შესახებ, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გაბუნია აწარმოებს და არის ხოლმე ამაში ჩართული და მოვითხოვეთ გამოძიება. გამოძიება მართლაც დაიწყო, თუმცა მას შემდეგ გავიდა უკვე10 დღე და შედეგები არ გვაქვს. ჩვენ გვინდა მოგიწოდოთ, რომ უახლოეს მომავალში ერთ-ორ კვირაში დაიდოს ამ კონკრეტულ თემაზე პასუხი და არ გახდეს ეს ისე, როგორც ყბადაღებულად არის ხოლმე, რომ მიმდინარეობს გამოძიება, იმიტომ რომ სრულიად აშკარად არის გამოკვეთილი რაღაც ქვენა კორუფციული ინტერესები, რომელსაც მოჰყვა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება," - ამბობს კაპანაძე. 

კაპანაძე ამ საქმესთან დაკავშირებულ კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარუდგინა პარლამენტს, თუმცა შეწყალების სკანდალის შემდეგ მისი კანდიდატურა გაიწვიეს მიუხედავად იმისა, რომ ერთი კომიტეტი უკვე გავლილი ჰქონდა. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს იყო ნეპოტისტური გადაწყვეტილება. თქვენ არ გაინტერესებთ რატომ გაიწვიეს? ერთი კომიტეტი გაიარა და თუ ყველაფერი რიგზე იყო და კვალიფიციური კადრი იყო უკან რატომ გაიწვიეს, იმიტომ ხომ არა რომ ეს ნეპოტისტური ამბები ერთად აფეთქდა და ახლა აღარ უნდათ, რომ მეტ სკანდალში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის სერიოზული პრობლემა, იმდენად სერიოზული რომ ამ  გამოძიების შედეგებს რომ დაველოდებით, შეიძლება  პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს," - ამბობს კაპანაძე. 

 

მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საქართელომ წერილობით მიმართა.

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით , 19 სექტემბერს მიმართა. ნადირაშვილის თქმით, სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები