შეწყალების საქმე

ოთხმეზური შვილიშვილის მკვლელის შეწყალებაზე: პასუხისმგებლობას პრეზიდენტს ვაკისრებ

Kvira.ge

გენერალურ პროკურატურაში, გოგი ოთხმეზურის გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ოთხმეზურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილიშვილის, გიორგი ოთხმეზურის მკვლელის შეწყალებაზე პასუხისმგებლობას, სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.

ოთხმეზურის თქმით, საგამოძიებო უწყებაში მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. მომხდარის მიზეზებზე საუბრისას ოთხმეზურმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია კონკრეტულად როგორ მოხდა ასლან ბეჟანიძის შეწყალება და იყვნენ თუ არა საქმეში ჩართული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები.

"ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და არ მაინტერესებს, რის შედეგად მოხდა შეწყალება - ფული აიღეს, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩემთვის. შეიძლება არ ჩათვალა საჭიროდ, რომ წაეკითხა, შეიძლება წაიკითხა და მაინც შეიწყალა. ყველაფერი შეიძლება“, — განაცხადა ოთხმეზურმა. 

ოთხმეზურის თქმით, გამომძიებლები დაინტერესდნენ საჭიროების შემთხვევაში მისცემდა თუ არა ჩვენებას სასამართლოში. გოგი ოთხმეზური ამბობს, რომ თუ ესეთი საჭიროება დადგება იგი მზადაა მისცეს ჩვენება.

სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 24 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ინფორმაცია ცნობილი 16 სექტემბერს გახდა. 

ასლან ბეჟანიძე 12-წლიანი ძებნის შემდეგ დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

კომენტარები