მეუფე იაკობი: ქორეპისკოპოსობიდან არავის გადავუყენებივარ, ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა

პალიტრა

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის გადაუყენებია. მეუფე იაკობის და პატრიარქის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.  

"ვიყავი მოსული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და მეთქვა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და ფინანსურ-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. მე გადავდექი მე, არავის გადავუყენებივარ. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა"- თქვა მან საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ. 

იაკობი ამბობს, რომ ის პატრიარქს პირისპირ შეხვდა და მათ საუბარს სხვა არავინ ესწრებოდა. მან მრევლსა და ერს, თავისი ლექსიკისთვის შენდობა კიდევ ერთხელ სთხოვა და ბოდიში მოიხადა. 

საპატრიარქოს ვებ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. 

"ა.წ 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან", - წერია პატრიარქის ბრძანებაში. 

................

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

კომენტარები