თავისუფალი ადამიანი ვარ, სიტყვები უკან არ მიმაქვს - მეუფე იაკობი საპატრიარქოში მივიდა

მეუფე იაკობი

"ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს" - ამის შესახებ ბოდმელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დღეს 28 ოქტომბერს, საპატრიარქოში მისვლისას თქვა. მეუფე იაკობი პატრიარქს ხვდება. 

მეუფე იაკობმა მისი საუბრის და ლექსიკის გამო შენდობა ითხოვა და ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, 3 წლის განმავლობაში იცოდა რაღაცები და ახლა თავისუფალი ადამიანია რადგან საუბარი დაიწყო. 

"უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა...როგორც ეპისკოპოსი, პოლიტიკოსებთან რაღაც ჩარევა მიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს გულში ის მქონდა... ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი, ის რომ ვთქვი რაც ვთქვი. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს"- ამბობს მეუფე იაკობი. 

მეუფე იაკობმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილს, ვახტანგ გომელაურს და გიორგი გახარიას შეხვდა და შეხვედრაზე პატრიარქის შეცვლა განიხილეს. 

"მე მინდა გითხრათ ის რაც შევამჩნიე, უხერხულობას გრძნობდნენ, რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ. ბატონ გიორგისაც შევამჩნიე და ვახტანგსაც. უწმინდესთან რაღაც მკითხეს და უწმინდესს 10 დღე აღარ ვუთხარი, ბოლოს მაინც ვუთხარი და პასუხიც შევუთვალეთ ისეთი, ღირსეული"- თქვა მან.

.......... 

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები