მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე: ვწუხვარ რაც ხდება, ძალიან შეწუხებულია მრევლი

მთავარი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, მეუფე იაკობის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არსებობს, სინოდი აუცილებლად შეიკრიბება და სათანადო რეაგირებას მოახდენს. 

"დარწმუნებული უნდა იყოთ ამაში. მე ვწუხვარ რომ იმით რაც ხდება, ამის გამო ძალიან შეწუხებულია მრევლი. ძალიან ღელავს და ამ საზოგადოებას რაღაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. საერთოდ სინოდის შეკრება აუცილებელი რამ არის ყოველთვის, სისტემატიურად, დადგენილ ვადებში და საგანგებო შემთხვევებში"- უთხრა მეუფემ მთავარს. 

კითხვაზე, იცის თუ არა გიორგი გახარიასთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ "როგორც ჩანს, მეუფე იაკობმა იცის ყველაფერი, მე არ ვიცი". 

"მეუფე იაკობის შესახებ მე საერთოდ არაფერი არ ვიცი"- თქვა მან და აღნიშნა, რომ იაკობის განცხადებებს "მერე შეაფასებს". 

.........

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომენტარები