იაპონია

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

mercurynews

იაპონიაში ტაიფუნ ჰაგიბის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით დაკარგულად 12 ადამიანი ითვლება, დაშავებულია 220 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 

ფუკუშინმას პრეფექტურაში, სადაც მსხვერპლი ყველაზე დიდია, ადგილობრივებს სტიქიის შედეგად დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთები და ნაგავი ქუჩაში გააქვთ. ასაკოვანი ადამიანები კვლავ თავშესაფარებში რჩებიან.

იაპონიის არქიპელაგის ჰონსიუს მთავარ კუნძულზე აღმოსავლეთში 52 მდინარე ადიდდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.

იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბეს თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად მთავრობა 710 მილიონ იენს (6.5 მლნ აშშ დოლარს) დახარჯავს.

იაპონიას ტაიფუნი შაბათს დაატყდა თავს. ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. NHK-ის ინფორმაციით, ევაკუაციისას ადამიანების ნაწილი თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. 

ტაიფუნის შედეგად, 7 მილიონი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო, თუმცა, თავშესაფრებს 50 000 ადამიანმა შეაფარა თავი.

იაპონიაში 1958 წლის შემდეგ ეს, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს. ტოკიოს ტერიტორიასა და შიცოუკას პრეფექტურაში 1958 წელს ტაიფუნს "კანოგავა" 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები