რუსეთი

რუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს

ვიაჩესლავ ვოლოდინი
kremlin.ru

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენამდე საქართველოს პრეზიდენტმა რუს ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს.

ვოლოდინი შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის კანტონის საბჭოს თავმჯდომარეს, ჟან-რენე ფურნიეს შეხვდა და საუბარი საქართველოსა და უკრაინის თემებს შეეხო. რუსეთის პარლამენტის ოფიციალური საიტის მიხედვით შეხვედრისას ფურიემ აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლის გაუქმების გადაწყვეტილებამ გააძლიერა ის უმცირესობა, ვისაც "რუსეთის მიმართ გულის სიღრმეში კარგი დამოკიდებულება არ აქვს".

ვოლოდინმა კი მას უთხრა, რომ საქართველოს მოწვევით თბილისში რუსი პარლამენტარების დელეგაცია ჩავიდა, მაგრამ მათ "თავს რადიკალები დაესხნენ".

"რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ეს გადაწყვეტილება პროგრამა მინიმუმიდან იყო. დუმის დეპუტატების, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის წარმომადგენლების პოზიცია იყო არამხოლოდ ნათელი, არამედ სამართლიანი. ჩვენ მოვითხოვდით რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვას. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია აიკრძალოს საქართველოში ფულადი გზავნილები. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა შანსი მისცა საქართველოს, ქართველ ხალხს, რათა გამოესწორებინათ სიტუაცია. ერთადერთი, რაც დარჩა იყო ავიამიმოსვლის აკრძალვა." თქვა მან.

ვოლოდინს მიაჩნია, რომ ავიამიმოსვლის აღდგენამდე საქართველოს პრეიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს:

"პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოიხადოს ბოდიში რუსეთის მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშე იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში ზუსტად საქართველოს ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებაზე და მთელს სიტუაციაზე, რომელიც განვითარდა."

ვოლოდინმა ფურიეს სთხოვა ეს გზავნილი საქართველოს წარმომადგენლებამდე მიიტანოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

გასულ თვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

ამის შემდეგ, მომდევნო დღეს, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო პირისპირ.

კომენტარები