დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე გრიგოლი: მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

news.ge

ფოთის და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მაშინ, როცა ზოგი ადამიანის შეწყალების გამო "ქვეყანა თუხთუხებს", დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. 

მისივე თქმით, მან მამალაძე საპატიმროში მოინახულა. მეუფე გრიგოლს დეკანოზმა უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა.

სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს და თუხთუხებს, მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება", - თქვა მეუფე გრიგოლმა. 

გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით მისი ძმა, თორნიკე მამალაძე აქციებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აანონსებს.

დეკანოზის ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მარტში მიმართა. იქამდე თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან აქციებს მართავდა და ითხოვდა, რომ პატრიარქ ილია მეორეს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით მიემართა. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით კი, "საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია".

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა: 

"არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები