დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: დეკანოზი მარტის შემდეგ ნევროლოგის მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი

თეონა თურმანიძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ პირადად მას პენიტენციური სამსახურის განცხადება არ უნახავს, თუმცა, შინაარსი, რომელიც მას მედიამ გადასცა, მისთვის "გაუგებარია". 

ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ამის შესახებ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან ისაუბრა. 

"ოთხშაბათს საღამოს თავად დამიკავშირდა დეკანოზი, მას თავის მხრივ, ინფორმაცია [გადაყვანის შესახებ] მიაწოდა სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა". – ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ დეკანოზს ბოლო ნევროლოგიური სახის კვლევა იანვარში ჩაუტარდა, რის შემდეგაც მის შემთხვევას ნევროლოგი მართავდა. 

"მარტში ნევროლოგმა სამსახური დატოვა და იმის შემდეგ დეკანოზი ნევროლოგის მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი". – თქვა ქეთი ჩუთლაშვილმა. 

14 ოქტომბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, მსჯავრდებულ დეკანოზს პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანდნენ. დღეს, 15 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ არის.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

კომენტარები