მალხაზ მაჩალიკაშვილი

მსურდა თვალებში ჩამეხედა - მაჩალიკაშვილი არ შეუშვეს კომიტეტზე, სადაც თადუმაძეს უსმენენ

ტაბულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზში, სადაც გენერალურ პროკურორს და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ შეუშვეს. 

მაჩალიკაშვილის თქმით, მას შესთავაზეს სხდომას დასწრებოდა არა უშუალოდ კომიტეტის დარბაზში, არამედ აივნიდან, რაზეც მან უარი თქვა. მისი თქმით, თავდაპირველად პარლამენტის შენობაშიც არ უშვებდნენ, შემდეგ კი დარბაზის მთავარ ნაწილში არ შეუშვეს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას სურდა თადუმაძისთვის "თვალებში ჩაეხედა". 

"მე პარლამენტს არ დავტოვებ, პარლამენტში დავრჩები. ამათ კარგად იციან, რა კითხვებიც მქონდა, თუ მომეცებოდა ამის საშუალება... კითხვები ძალიან ბევრი მაქვს თადუმაძესთანაც და დანარჩენ დეპუტატებთანაც, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ არის რადგან მათ თვალებში შემოხედვისაც კი ეშინიათ"- ამბობს მაჩალიკაშვილი. 

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახიდან დაელოდება მისი კითხვაზე პასუხს, რომელსაც ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა დასვამს. 

მაჩალიკაშვილის მოთხოვნას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ სხდომაზე დასწრების სურვილთან დაკავშირებით პარლამენტში წერილი არ შემოსულა. მისისვე თქმით, მიუხედავად ამისა, მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ადგილას, მაჩალიკაშვილს დასწრების უფლება მისცეს.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 9 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენს. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტი სულ 20 კანდიდატს მოუსმენს.

კომენტარები