კატალონია

რეფერენდუმიდან 2 წლისთავზე კატალონიელები კვლავ დამოუკიდებლობას ითხოვენ 

VOA

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 2 წლისთავზე, რომელიც მადრიდმა არაკანონიერად გამოაცხადა, კატალონიელები კვლავ დამოუკიდებლობას ითხოვენ. 

"თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს", "დამოუკიდებლობა" - სკანდირებდნენ 1-ლ ოქტომბერს გამართულ აქციაზე კატალონიელები.

"მოდით დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ," - ვკითხულობთ ერთერთ ბანერზე.

კატალონიის სხადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ბარსელონაში, დაახლოებით, 18 000, რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით, 10-ჯერ ნაკლები რიცხვია.

კატალონიის პოლიტიკოსებს შორის არსებული დაყოფა მომიტინგეთა სიმცირის ერთერთი მიზეზია.

ცენტრისტული მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიის "ერთად კატალონიისთვის" ლიდერი კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მთავრობასთან ხისტი პოზიციის გამოჩენის მომხრეა მაშინ, როდესაც კატალონიის რესპუბლიკური მემარცხენეები მადრიდთან ღია დიალოგის ემხრობიან. 

2017 წელს ამბოხების, სახელმწიფო სახსრების არაკანონიერი მითვისების ბრალდებით პროკურორებს 12 სეპარატისტი ლიდერისთვის 7-დან 25 წლამდე პატიმრობის მისჯა სურთ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან.

2017 წლის 1-ლ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა, ის ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

მადრიდმა კატალონიის მთავრობა დაითხოვა და ავტონომია შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 2017 წლის 21 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მოიპოვეს.

 

კომენტარები