დაპირისპირება პარლამენტში

ბესელია: ზარდიაშვილისგან ჩემი მორალის ხსენება პირად კადრებზე ხაზგასმა იყო

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის, მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მის "მორალზე" აპელირება სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გაგრძელებაა. 

ბესელიამ მთავარ არხზე ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ზარდიაშვილმა სწორედ მის პირად ცხოვრებას გაუსვა ხაზი. 

"კი, ასე ვფიქრობ, რომ ამის [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების] ხაზგასმა იყო და ამიტომაც მოყვა ჩემი ის რეაქცია. ამის ხაზგასმა იყო იმიტომ, რომ შემთხვევითი არ არის, ზარდიაშვილი რომ ლაპარაკობს დღეს "ოცნების" სახელით, შემთხვევითი არ იყო არც იმ კადრების გავრცელება. ასე ხომ არ ხდება,"- თქვა ბესელიამ. 

2019 წლის იანვარში სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბესელიას მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის გუნდის დატოვება. 

გუნდის დატოვების მიზეზი უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სია გახდა, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაუგზავნა. 

სწორედ ამ პერიოდიდან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი, რომელიც თავის მხრივ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მეგობარია. 10-კაციან სიაში ჩინჩალაძის გვარი იყო ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ბესელიამ უმრავლესობა დატოვა. 

26 სექტემბერს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა, რამაც ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია. დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. 

კომენტარები