Instagram

Instagram-ი არასრულწლოვნებისთვის დიეტებისა და ესთეტიკური ქირურგიის რეკლამებს ზღუდავს

PA Media

სოციალური ქსელი, Instagram-ი გეგმავს, არასრულწლოვნებისთვის სწრაფი დიეტისა და ესთეტიკური ქირურგიის შესახებ პოსტები დამალოს.  

დაიფარება რეკლამები, რომლებიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს გარკვეული პროდუქტებით წონის "გასაოცარ" კლებას სთავაზობს. ასევე, რეკლამები ესთეტიკური ქირურგიის შესახებ.  

როგორც Instagram-ის საჯარო პოლიტიკის მენეჯერმა, ემა კოლინსმა, თქვა, ინიციატივა ადამიანებზე ზეწოლის შემცირებას ემსახურება. 

"ჩვენ გვსურს, რომ ინსტაგრამი პოზიტიური სივრცე იყოს მათთვის, ვინც მას იყენებს. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმ ზეწოლის შემცირებას, რომელსაც ადამიანები ზოგჯერ სოციალური მედიისგან იღებენ,"-თქვა კოლინსმა.  

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საზოგადოებამ საუბარი დაიწყო ზიანზე, რომელსაც "სწრაფად დასაკლები" დიეტის პროდუქტები მოზარდებზე ახდენს.  

თებერვალში ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სამედიცინო დირექტორმა, სტეფან პოვისმა ვარსკვლავების მიერ სოციალურ ქსელში დიეტის რეკლამის აკრძალვა მოითხოვა. მისი თქმით, პროდუქტები აზიანებენ ახალგაზრდების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

კომენტარები