არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ზალკალიანი: როგორ შეიძლება არაპლურალიზმში დაგვადანაშაულო, როცა არავის ეზღუდება მაუწყებლობა?

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ეთანხმება 17 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, სადაც ისინი საერთაშორისო თანამეგობრობას უზიარებენ შეშფოთებას "საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც დღეს ვიმყოფებით". 

ზალკალიანის თქმით, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს ერთხმად აღიარებს.

"არ ვიზიარებ იმ აზრს, რომელიც არის გამოხატული ამ არასამთავრობოების პოზიციაში, რადგანაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად აღიარებს იმ რეფორმებს, თუნდაც მედია პლურალიზმის თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი და ეს ასახულია იმ საერთაშორისო რეიტინგებში, სადაც საქართველო ბევრად უფრო წინა არის, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

როგორ შეიძლება, საქართველო მედიის არაპლურალიზმში დაადანაშაულო, როდესაც არავის ეზღუდება არანაირი მედია მაუწყებლობა? [...] კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოში სატელიტურ თეფშებს აყადაღებდნენ და იყო მედია, რომელიც იყო აბსოლუტურად, სრულად კონტროლირებადი ხელისუფლების მხრიდან. კარგი იქნებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მაშინაც გაეკეთებინათ განცხადება, როდესაც სრულად იყო ეს ყველაფერი მონოპოლიზირებული სახელმწიფოს მხრიდან", - აღნიშნავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დღეს, 9 სექტემბერს 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და სთხოვა, შეინარჩუნოს საქართველოს მიმართ ინტერესი და ჩართულობა. განცხადებაში საუბარია მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციაზე, კორუფციაზე, სასმართლო სისტემის ხელში ჩაგდებაზე, არათანაბარ პოლიტიკურ გარემოზე, მედიის დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე და ა.შ.

კომენტარები