სამტავრობო ცვლილებები

გახარია: ძალა გამოვიყენეთ მაშინ, როცა მოგერიების პრინციპით შტურმის შეჩერება შეუძლებელი იყო

ტბელ აბუსერიძე

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისის ღამით ძალის გამოყენება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, "როდესაც აუცილებელი მოგერიების პრინციპიდან შეუძლებელი იყო შტურმის შეჩერება".

გახარია აღნიშნავს, რომ მანამდე, ორსაათნახევრის განმავლობაში, პოლიციას ჰქონდა განკარგულება, არ გამოეყენებინა ძალა.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ევროპული საქართველოს დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

"დაახლოებით ორსაათნახევარი პირდაპირი განკარგულებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტევები, იერიშები ჯგუფურად პოლიციაზე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მათ ჰქონდათ პირდაპირი განკარგულება, არ გამოეყენებინათ არაფერი. ეს იყო ის მომენტი, როდესაც თქვენმა ლიდერებმა, მე არ მახსოვს ახლა თქვენ იქ იყავით თუ არა, უბრალოდ იქიდან მოკურცხლეს. ბოლოს თქვეს ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ ამ სიტუაციას უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ [...] ძალის გამოყენება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელი მოგერიების პრინციპიდან შეუძლებელი იყო ამ შტურმის შეჩერება. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, როდესაც მოხდა ძალის გამოყენება. სხვა მიზეზი არ არსებობდა და ამას ადასტურებს ის, რომ ეს ხალხი, ეს ღირსეული პოლიციელები ორსაათნახევრის განმავლობაში იგერიებდნენ ამ შტურმს ყველანაირი სპეცაღჭურვილობის გარეშე", - თქვა გახარიამ.

საპასუხოდ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა შეთანხმებაზე საუბრობდნენ, ძალადობა საერთოდ არ იყო და დარბევა და ძალის გამოყენება სწორედ ამ დროს მოხდა.

გარდა ამისა, სერგი კაპანაძემ გახარიას ასევე ჰკითხა, თავდაპირველად, რატომ მიიღო დიალოგის გადაწყვეტილება.

"აშკარად ვხედავდი, ბატონები როგორ ხელმძღვანელობდნენ აქციას, შენობიდან სხვათაშორის. აშკარად ვხედავდი, ეს აქცია როგორ ხდებოდა ძალადობრივი და აგრესიული, ამიტომ გვინდოდა მოგვესწრო იქნებ როგორმე ამ აქციის შეჩერება. მიგვაჩნდა, რომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა", - თქვა გახარიამ.

საპასუხო კითხვაზე, ამის მიუხედავად, რატომ გამოიყენეს ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ყოფილი შს მინისტრი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი პასუხობს:

"​ოპოზიციის ერთმა ნაწილმა თქვა, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდნენ, მეორე ნაწილმა თქვა, რომ ჩვენი ბიჭები ისე კარგად უტევენ, იქნებ ჯერ შევიდეთ".

გიორგი გახარიას ამ რეპლიკას სერგი კაპანაძემ ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იყო მყისიერი მზადყოფნა დიალოგზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე წუთში აქცია დაარბიეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარია ევროპული საქართველოს ფრაქციების შეკითხვებს უპასუხა.

ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებით, კითხვები არ ეხებოდა მთავრობის პროგრამას, რადგან, სერგი კაპანაძის თქმით, "ეს ერთ დღეში დაწერილი დოკუმენტია". დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრა შედგა მხოლოდ იმ ადამიანების პატივისცემის გამო, რომლებიც 80 დღეა რუსთაველზე დგანან და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გიორგი გახარიას პატივს სცემენ ან პროფესიულად, ან ადამიანურად.

კომენტარები