ბინები დევნილებისთვის

გიორგაძე: საეჭვოდ გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებით დევნილები შენობებში იჭრებიან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო პერიოდში საეჭვოდ გააქტიურდნენ ადამიანები, რომელთა წაქეზებით დევნილები სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში იჭრებიან.

გრიგოლ გიორგაძემ ამის შესახებ სამინისტროში დღეა გამართულ ბრიფინგზე თქვა. მან გააფრთხილა დევნილები, რომ უკანონო შეჭრის შემთხვევაში, შემწეობა შეუწყდებათ და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფიელბაზე.

"ბოლო დროს, საეჭვოდ გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებითა და ხელშეწყობითაც დევნილთა გარკვეული ჯგუფები აქტიურად იჭრებიან კერძო თუ სახელმწიფო  საკუთრებაში არსებულ ფართებში და უკანონოდ იკავებენ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კარგად იციან N320 ბრძანებაში არსებული   ჩანაწერი, რომლითაც, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ დევნილ მოსახლეობას, ნუ აჰყვებით პროვოკაციულ მოწოდებებს ამა თუ იმ ობიექტში შეჭრასთან დაკავშირებით, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევას, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ნუ ენდობით მათაც, ვინც გარკვეული საფასურის გადახდით, გპირდებათ ბინის მიღებაში დახმარებას. გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმედებისგან და დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ ბინების განაწილების პროცესი წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად", - თქვა გრიგოლ გიორგაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრომ უკვე დავიწყო საინფორმაციო კამპანია ყველა იმ ღონისძიებებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც დევნილთა განსახლების მიმართულებით ხორციელდება. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 2 სექტემბრიდან იწყება აპლიკაციების მიღება ზუგდიდის ბინებზე და უახლოეს მომავლში განაცხადების მიღება თბილისისა და ქუთაისის ბინებზეც დაიწყება.

კომენტარები