რუსეთი-უკრაინა

ზელენსკის თქმით რუსეთი და უკრაინა პატიმრებს გაცვლიან

ოლეგ სენცოვი
Reuters

რუსეთი და უკრაინა პატიმრებს გაცვლიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა.

ზელენსკის განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის პატიმრების ვინაობა. მისი თქმით პროცესი მიმდინარეა.

პრეზიდენტის განცხადებამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ პატიმრებს შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი და 24 უკრაინელი მეზღვაური იქნება, რომლებიც რუსეთმა გასულ წელს დააკავა.

ადგილობრივი მედიის მიხედვით დაკავებულების ნაწილის ოჯახის წევრები უკვე შეიკრიბნენ კიევის აეროპორტებში.

რუსეთში ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

უკრაინელ რეჟისორს, ოლეგ სენცოვს რუსეთი ყირიმში 2014 წლის ანექსიის შემდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ის ანექსიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სენცოვმა გასული წლის მაისში შიმშილობა დაიწყო და რუსეთს 64 დაკავებული უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას სთხოვდა. მან შიმშილობა 140 დღის შემდეგ შეწყვიტა, რათა იძულებით კვება აეცილებინა თავიდან.

რაც შეეხება უკრაინელ მეზღვაურებს, ისინი გასული წლის 25 ნოემბერს 3 უკრაინულ ხომალდთან ერთად ქერჩი სრუტეში დააკავეს. კიევის განცხადებით, ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

მიმდინარე წლის მაისში გაეროს ტრიბუნალმა დაადგინა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს 2018 წლის 25 ნოემბერს დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაური და სამი სამხედრო გემი. ოციდან ცხრამეტმა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მხოლოდ რუსეთი იყო წინააღმდეგი.

კომენტარები