აშშ-ჩინეთი

ტრამპის თქმით, 250 და 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფები გაიზრდება

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე დამატებითი საპასუხო ტარიფები დააწესა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ აშშ ჩინეთს არსებულ ტარიფებს და ტარიფებს, რომელიც უახლოეს თვეებში უნდა დაწესდეს, გაზრდიდა.

"ჩინეთს ამერიკული პროდუქციისთვის 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფი არ უნდა დაეწესებინა (პოლიტიკურად მოტივირებული!). 1-ლი ოქტომბრიდან 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური საქონელი და პროდუქცია, რომელსაც ამჟამად 25%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, 30%-იანი ტარიფი დაუწესდება. ამას გარდა, ჩინეთიდან დარჩენილ 300 მილიარდი დოლარის საქონელსა და პროდუქციას, რომელსაც 1-ლი სექტემბრიდან 10%-იანი ტარიფი უწესდებოდა, ახლა 15%-იანი ტარიფი დაუწესდება," - წერს ტრამპი.

ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-დან იმპორტირებულ 5 ათასზე სასაქონლო პოზიციაზე დამატებითი 10 და 5%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. ახალი ტარიფები ნაწილი 1 სექტემბრიდან და 15 დეკემბრიდან ამოქმედდება. ჩინეთში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ანალოგიური ნაბიჯი აშშ-მ გადადგა.

აშშ-ისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა. ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავდა, რომელიც ტრამპის ზემოთაღნიშნული განცხადების შემდეგ, შესაძლოა, 15% გახდეს.

მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა.

კომენტარები