ბრექსითი

მაკრონი ჯონსონს: ერთ თვეში ბრექსითის განსხვავებულ შეთანხმებას ვერ შევიმუშავებთ

ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა. მათ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა თქვა, რომ ბრექსითის ახალი შეთანხმების მისაღწევად ხელახალი მოლაპარაკებებისათვის საკმარისი დრო აღარ არის.

"მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა: მომდევნო თვეში ჩვენ ვერ ვიპოვით გასვლის შეთანხმებას, რომელიც ორიგინალისაგან განსხვავდება." თქვა მან.

მიუხედავად ამისა მან ისიც აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრამდე ბრიტანეთს გამოსავლის პოვნაში ხელს შეუწყობენ:

"არავინ დაიცდის 31 ოქტომბრამდე ისე, რომ კარგი გამოსავლის პოვნა არ სცადოს."

თავის მხრივ, ბორის ჯონსონმა მაკრონს უთხრა, რომ ბრექსითის შეთანხმება სურს და სჯერა, რომ ამის მიღწევა 31 ოქტომბრამდე შესაძლებელია.

"დაე შევასრულოთ ბრექსითი, შევასრულოთ პრაგმატულად და აზრიანად და ორივე მხარის ინტერესებში. ნუ დავიცდით 31 ოქტომბრამდე. ახლავე დავიწყოთ მეგობრობის და პარტნიორობის გაღრმავება." თქვა მან.

ჯონსონმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვებმა ის გაამხნევა.

გერმანიის კანცლერმა ჯონსონთან შეხვედრისას მას შესთავაზა ახალი გეგმა 30 დღეში ჩამოაყალიბოს.

მერკელის თქმით გამოსავლის პოვნა კანცლერის მოვალეობა არაა და ე.წ. ბექსტოპის ალტერნატივა ჯონსონმა უნდა მოიფიქროს.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მომდევნო 2 წლისგანმავლობაში, მაგრამ, იქნებ, თქვენ ეს გამოსავალი 30 დღეში იპოვოთ? რატომაც არა? და შემდეგ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ." თქვა მერკელმა.

ჯონსონმა მერკელის გამოწვევას მისივე კამპანიის სლოგანით უპასუხა "ჩვენ ეს შეგვიძლია" - თქვა მან.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრექსითის გეგმა ბრიტანეთის დაევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს უნდა მოიცავდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია ერთიანია და მათ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია ბრექსითი არ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერ დატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.

ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი მუქარა შეთანხმების გარეშე გასვლის თაობაზე ევროკავშირის სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და საფრანგეთს ხელახალი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობაში დაარწმუნებს.

ევროკავშირში ბორის ჯონსონის განცხადებებს გამოეხმაურნენ. ბრექსითის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ თქვა, რომ შეთანხმებიდან ე.წ. "ბექსტოპის" ამოღება მიუღებელია.

იგივე პოზიცია დააფიქსირა ჯონსონთან სატელეფონო საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც. მან თქვა, რომ არებული შეთანხმება საუკეთესო შესაძლო ვარიანტია.

გარდა ამისა, ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

კომენტარები