მცოცავი ოკუპაცია

ბაქრაძე: სანამ ხელისუფლება რუსეთის მხარდამჭერ ფილმებს იღებს, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს

"სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, ხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს უფრო მეტი ქართული მიწა," - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ სოფელ გუგუტიანთკარში ისაუბრა. ბაქრაძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველო" მათი საგარეო კონტაქტების საშუალებით, ყველანაირად ცდილობს, რომ წვლილი შეიტანოს რუსული ოკუპაციის შეჩერებაში.

"აუცილებელია, შეწყდეს დამაზიანებელი შიდა დისკუსია და მთელი ჩვენი რესურსი ოკუპაციის შეჩერებას მოვახმაროთ. დღეს გუგტიანთკარში უნდა იდგეს ყველა, ხელისუფლებაც ოპოზიციაც, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესია, ჩვენი ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ გავაჩეროთ ოკუპაცია, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენი ამოცანა, ყველასი ერთად, ხელისფულებისაც, ოპოზიციისაც, ძალიან განსხვავებული ადამიანების, უნდა იყოს ოკუპაციის შეჩერება და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება. განცხადება, რომელსაც ბრალი გადმოაქვს შიდა ქართულ განსხვავებებზე უადვილებს რუსეთს ბორდერიზაციას და ეხმარება ოკუპაციაში. "ევროპულ საქართველოს“ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საგარეო კონტაქტები აქვს. ჩვენ ყველა კონტაქტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული ოკუპაციის შეჩერებაში. აქ ჩამოსვლა არის ის სიმბოლური ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ, რომ დღეს ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის შეჩერება," - თქვა ბაქრაძემ.

რამდენიმე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი განაახლეს. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. 

კომენტარები