რუსთავი 2-ის საქმე

NGO-ები: შესაძლოა, გვარამიასთვის ბრალის წარდგენა მიზნად ოპონენტების დევნას ისახავდეს

funtime

14 არასამთავრობო ორგანიზაცია ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს რუსთავი ორის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ. NGO-ების შეფასებით, გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს. ისინი მოუწოდებენ პროკურატურას, წარმოადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები საქმესთან დაკავშირებით, იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად.

"ამ ეტაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქმის სრული შეფასების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან. სამართალდამაცავების ქმედებები, როგორც წესი, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას ემთხვევა. 

ცხადია, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგენა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა.  

აღნიშნული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ ეს საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, წარმოადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან სართაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საფარი, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ღია საზოგადოების ფონდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

რუსთავი ორის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. მას საგამოძიებო უწყება გამორჩენის მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, შედეგად, რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები