რუსთავი 2

პროკურატურაში რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

რუსთავი 2

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს.

საქმე ეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის მუხლს. სწორედ ამას ედავება რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას.

ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორის თქმით, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მზად არის გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს.

"2015 წლის განმავლობაში ვიყავი რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორი. სავარაუდოდ, ამ პერიოდის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით აინტერესებთ ჩემი მოსაზრება. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს იმიტომ, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, სწორად და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც რაიმე დასამალი იყოს. ყველაფერი იყო იურიდიულადაც და ფინანსურადაც აბსოლუტურად გამართული და სწორი. რა პერიოდზეც მე ვიყავი, ბუნებრივია, ის პერიოდი ვიცი და იმ პერიოდზე გამოვრიცხავ არათუ დანაშაულს, გადაცდომასაც კი. საქართველოში, ალბათ, ადამიანს ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ასეთი ისტორია აქვს, სამწუხაროდ, საქართველოს. მაგრამ მე არაფერს ველოდები იმიტომ, რომ ძალიან თეთრი ბრჭყვიალა ძაფით უნდა შეიკეროს, რომ რაიმე სამართლებრივი პრობლემა ნახონ მაგ პერიოდზე", - თქვა კახა დამენიამ რუსთავი 2-თან, გამოკითხვაზე შესვლამდე.

ადვოკატი, ბექა ბასილაია მიმდინარე პროცესები მედიაზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს და ამბობს, რომ ყველა კითხვაზე არსებობს ღია და გამჭვირვალე პასუხუხები.

"ყველა კითხვაზე, ფაქტიურად არსებობს გამჭვირვალე, ღია პასუხები, უფრო მეტიც. ყველა ის საკითხი, რასაც თითქოს და სწავლობს პროკურატურა, დადეკლარირებულია, გადასახადები გადახდილია და რაიმე ინფორმაცია არ არის დაფარული. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, გამოძიების მოტივაცია ამ საქმეში არის არა იმის დადგენა, რომ ხდებოდა თუ არა კანონიერად, ღიად და გამჭვირვალედ სარეკლამო დროსთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები, ეს ისედაც ცხადია მათთვის. გამოძიების მოტივაცია არის, რომ ამ პროცესს, პიარული თვალსაზრისით მაინც, მიაბას გარკვეული პირები, რომ ააგოროს თემა, რაც მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნეს ისევ მედიაზე ზეწოლისთვის" - ამბობს ბექა ბასილაია რუსთავი 2-თან.

ცნობისთვის, ამ საქმეზე უკვე გამოიკითხა რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. ამასთან, ამოღებულია დოკუმენტები ტელეკომპანიის შენობიდან და დაწყებულია დოკუმენტების ამოღების პროცესი რუსთავი 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან "ინტერ მედია" და "ინტერ მედია პლიუსი".

კომენტარები